რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ.
რუსთავში რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ორი ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ახალგაზრდობის პარკში და პროფესიულ-დრამატული თეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერში, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ორივე პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულისთვის უნდა დასრულდეს და მათი ჯამური ღირებულება 3 მლნ 328 011 ლარია.
სკვერები ეწყობა საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოებშიც. ერთ-ერთი მათგანია 21-ე მიკრორაიონის N21 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 339 800 ლარის ღირებულების პროექტის განხორციელება მაისის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობით, რუსთავის მუნიციპალიტეტი ,,ჰაერის მართვის გეგმის“ ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს ასრულებს.
აქტიურად მიმდინარეობს შედარებით მცირებიუჯეტიანი პროექტებიც, რომლებსაც ,,რუსთავის კორპუსი“ ახორციელებს. ამჟამად, სადარბაზოების რემონტი 12 მისამართზე მიმდინარეობს.
სადარბაზოების სარემონტო სამუშაოებისთვის ,,რუსთავის კორპუსს“ წელს 215 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. წელსვეა დაგეგმილი ლიფტების რეაბილიტიაციის პროექტის განხორციელებაც, რომლისთვისაც ბიუჯეტში 500 000 ლარია გათვალისწინებული.
2021 წლის ბოლომდე, რუსთავის მერია ქალაქში 52 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს და მათი საერთო ღირებულება 17 მილიონი ლარია.