ღიბრაძე: სახეზეა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენცია

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ იკვეთება ვითარების გაუარესების ტენდენციები.

“როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში სახეზეა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენცია, ეს ხდება როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში. გასული 24 საათის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც განსაკუთრებით საყურადღებო მაჩვენებელია. ინფიცირების შემთხვევების რაოდენებით პირველ ადგილზეა თბილისი, ხოლო მეორე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი. უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო აკვირდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, არსებულ ტენდენციებს და შესაბამის გადაწყვეტილებას დეტალური ანალიზის საფუძველზე ახორციელებს.

საბჭო ასევე მსჯელობს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედ რეგულაციებზე და გადაწყვეტილებას არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად უახლოეს პერიოდში მიიღებს,

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას, რათა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ დადგეს.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით ნებადართული არ არის. ამასთან, როგორც ცნობილია, აკრძალულია ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, შესაბამისი უწყებები კიდევ უფრო მკაცრად გააკონტროლებენ ყველა იმ რეგულაციის აღსრულებას, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების პრევენციისკენ.

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებისა და გაფართოების მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრის დავალებითა და უშუალო ჩართულობით, გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკებები, რის შედეგადაც, უახლოეს მომავალში ქვეყანა ვაქცინების ახალ დოზებს მიიღებს. – ამბობს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე.