მოსამართლემ კობახიძისა და გულაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

ეს არის დადგმული სპექტაკლი – სასამართლო პროცესზე თვალნათლივ გამოჩნდა, რომ არც პროკურატურას და არც სასამართლოს არ აინტერესებს რეალურად საქმეში მტკიცებულებები, – ამის შესახებ ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მისივე თქმით, სასამართლომ უარი განაცხადა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებების საქმეზე დართვაზე.

დაცვის მხარემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლე ნინო ჩახნასვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

“ძალიან მარტივად გვითხრეს, რომ არ აინტერესებთ და სხვათა შორის, ნიკა მელიამ ძალიან ნიშანდობლივად გააკეთა განცხადება, რომ ფაქტობრივად მოკლედ და ლაკონურად უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი, ვინაიდან ეს არის იმიტირებული სასამართლო პროცესი. სასამართლოც და პროკურატურაც ცდილობს, რომ შექმნას რაღაც ანტურაჟი, რომ სასამართლო პროცესი იმართება, თითქოს რაღაც კანონის საფუძველზე აყენებენ შუამდგომლობებს, იღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა ჩვენ ვიხილეთ მოსამართლე ჯერ ერთი ღიზიანდებოდა ყოველწამიერად, რომ დაცვის მხარის მხრიდან იქნა მითითებული, რომ ხელისუფლებაც იმდენად არ სცემს პატივს სასამართლოს, რომ ფაქტობრივად სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე წინასწარ მსჯელობს და მთელი ეს პროცესი არის პოლიტიკური დევნის კლასიკური განსახიერება – ამაზე ღიზიანდება მოსამართლე და მეორე მხრივ, ამ 2-საათიანი მსჯელობის შემდეგ მოსამართლემ გამოაცხადა, რომ მას არ აინტერესებს საქმეში მტკიცებულებები.

მოსამართლეს აქვს ვალდებულება, რომ მინიმუმ ორ თვეში ერთხელ იმსჯელოს გააგრძელოს თუ არა უკვე გამოყენებული პატიმრობა ნიკა მელიასთან მიმართებაში, ეს ორთვიანი ვადა გადის 17 აპრილს. შესაბამისად, დღეს დიდი ალბათობით მოსამართლემ თვითონ უნდა დააყენოს აღნიშნული საკითხი და იმსჯელოს, პროკურატურის შუამდგომლობის გარეშე. მაგრამ იმ ფონზე რაც ხდებოდა სასამართლო პროცესზე, რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებს ნიკას პატიმრობიდან, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს. ნიკამ დაუსვა კითხვა მოსამართლესაც და პროკურატურასაც – აი, როდესაც ორი თვის განმავლობაში აცხადებთ, რომ მე ნებისმიერ დროს შემიძლია გირაოს გადახდა, ეს რა თქმა უნდა, არის ტყუილი, არის პროპაგანდა და ამაზეც მათ, რა თქმა უნდა, პასუხი არ აქვთ.

ნიკას შეფარდებული აქვს პატიმრობა და მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს – ეს პატიმრობა ან უნდა გააგრძელოს, ან გააუქმოს, ან შეცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით. მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლეს ხელისუფლებისგან აქვს მიღებული დირექტივა, რომ ნიკა მელია გაათავისუფლოს – მე ნამდვილად არ მაქვს, თუმცაღა შეიძლება ვცდებოდე, პროგნოზის გაკეთება ძალიან მიჭირს ამ საქმეზე”, – განაცხადა კონდახაშვილმა.