პოლიცია გუმათში აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებს

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით სოფელ გუმათში კომპანია “ენკას” ოფისთან აქციის მონაწილეები გონივრულ ვადაში უნდა დაიშალონ. დეპარტამენტის ხელმძღვანელი აქციის მონაწილეებს მოუწოდებს  სავალი გზა გაათავისუფლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლები წესრიგის აღსადგენად პროპორციულ ძალას გამოიყენებენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ ადგილზე რჩებიან. ისინი კომპანია “ენკას” ერთ-ერთ ოფისთან იმყოფებიან და კომპანიის ტრანსპორტის გადაადგილებას ბლოკავენ. ამის პარალელურად გზაზე თავისუფლად ატარებენ სხვა ტრანსპორტს.

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა აქტივისტები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და ამ პროექტის განხორციელებას რეგიონისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ.