საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, უკვე მეორე დღეა, სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, ნამახვანჰესის წინამოსამზადებელი სამუშაო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში არიან მობილიზებულნი.
მათივე ცნობით, ადგილზე განთავსებულია შესაბამისი საპოლიციო ინფრასტრუქტურაც.
„კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, პოლიციის მიერ რიონის ხეობაში საკომუნიკაციო სიგნალის ჩამხშობი აპარატურის გამოყენება მოხდა, არ შეესაბამება სიმართლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, მიმდინარე წლის 3 აპრილს გავრცელებულ განცხადებაშიც განმარტებულია, რომ რიონის ხეობაში განთავსებული სპეციალური სატრანსპორტო საშუალება რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა წარმოადგენს შიდა რადიოკავშირის გამაძლიერებელი მექანიზმს, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ აქვს ფიჭურ და სატელეფონო კავშირგაბმულობასთან, ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის რადიოკავშირის (რაციით კავშირის) გამართული მუშაობის მიზნით. რიონის ხეობაში აღნიშნული საპოლიციო ინფრასტრუქტურა რთულ რელიეფურ მდებარეობის და გართულებული კავშირგაბმულობის მიზეზით განთავსდა.
რაც შეეხება რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად გარკვეულ მიმართულებებზე გადაადგილების შეზღუდვა დროებით ძალაში რჩება, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსალოდნელი საფრთხეები და სიტუაციის შემდგომი ესკალაცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს.
აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც საზოგადოების უსაფრთხოებასა და მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელ უწყება, უზრუნველყოფს, თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.