ამირან გამყრელიძე: წელს ქვემო ქართლში სიმშვიდეა და ეს კარგია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციას მართავს.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერებთან და ადგილობრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში ორ ძირითად საკითხზე იმსჯელეს- კოვიდსაწინააღმდეგო, პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება და ვაქცინაციის პროცესი.

 

“ძირითადად ორი საკითხია მთავარი სტუმრობის, ეს გახლავთ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების გაძლიერება, რადგან იცით, რომ ეპიდსიტუაცია რთულდება ქვეყანაში და მეორე ვაქცინაციის გააქტიურება.

შარშან, როცა ეპიდემია დაიწყო, ქვემო ქართლი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სამიზნე იყო ჩვენთვის, რამდენიმე სერიოზული კლასტერი გვქონდა, მაგრამ ამას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, თავი  ღირსეულად გავართვით. წელს ამ რეგიონში შედარებით სხვა რეგიონებთან, უფრო მეტი სიმშვიდეა და ეს კარგია, მაგრამ პრევენციული ღონისძიებები გასაძლიერებელია, პირბადის ტარება, დისტანცია, დიდი თავშეყრების თავის არიდება, სანიტარული ღონისძიებები და დისციპლინა.

მეორე მთავარი საკითხი დღეს, ეს არის ვაქცინაციის გააქტიურება, ამაზე მოხდა ძირითადი აქცენტი, რადგან მოგეხსნებათ, ეპიდემია ჩვენთან არ დამთავრდება მასობრივი ვაქცინაციის გარეშე. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ერთმანეთის გვერდში ყოფნით, ავცრათ მოსახლეობის 60%.”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რუსთავში ვიზიტის ფარგლებში NCDC-ის ხელმძღვანელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და ორ სამედიცინო დაწესებულებაშიც იმყოფებოდა.

“ვესტუმრეთ დღეს სამ მთავარ დაწესებულებას, ორ საავადმყოფოს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. მადლობა, რომ კარგი შენობაა იქნა ბოლო წელიწადში გამოყოფილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისთვის, ყველანაირი პირობებია, რომ მათ იმუშაონ და შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა. ვიმყოფებოდით ასევე, ერთ-ერთ ამცრელ ცენტრში, სადაც კარგად ძალიან კარგად არის აწყობილი ის პროცესი, მიდის იმუნიზაციის პროცესი და იქ რა თქმა უნდა, კარგია, რომ არის გაფართოების შესაძლებლობა”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.