გამყრელიძე: რუსთავში იმუნიზაციის მასობრივი ცენტრი ივლისში უნდა ამუშავდეს

“აქ ჟურნალისტები ბრძანდებით, თქვენ გთხოვთ, ადგილობრივ ტელევიზიებს, თქვენზე ბევრია დამოკიდებული, რომ დაუთმოთ დრო ექიმებს, ისაუბრონ ვაქცინაციასთან დაკავშირებით. რაც მეტს ვისაუბრებთ წელს იმუნიზაციის შესახებ, რაც მეტ ადამიანთან მივიტანთ ინფორმაციას,რომ სწორედ იმუნიზაცია გახლავთ ყველაზე დიდი სიკეთე, რომელმაც უნდა დაამარცხოს ეს ვერაგი მტერი, რასაც კორონავირუსული ინფექცია ჰქვია”-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს გეგმა, რომლის თანახმადაც მასობრივი ცენტრები ივლისის შუა რიცხვებიდან უნდა ამუშავდეს, როცა ქვეყანაში ვაქცინის საკმარისი მარაგი იქნება.

გამყრელიძის ინფორმაციით, იმუნიზაციის მასობრივი ცენტრების მოწყობა ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ბათუმში იგეგმება.

“ჩვენ გვაქვს გეგმა მასობრივი ცენტრების ივლისის შუა რიცხვებიდან ამუშავების, როცა ქვეყანაში შესაბამისი რაოდენობა მარაგები ვაქცინისა იქნება, ვგეგმავთ ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში სამი გვინდა, ქუთაისში, ბათუმში და რუსთავში.

ვმუშაობთ პროექტზე , თუ როგორი უნდა იყოს მასობრივი იმუნიზაციის ცენტრი, როგორ უნდა იყოს მოწყობილი, ლოჯისტიკა, როგორ უნდა იმართოს, ეს დოკუმენტი მაისის დასაწყისში მზად იქნება, მანამდე ვთხოვეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ გამოინახოს რუსთავში ასეთი ადგილი ,რომ დაიწყოს ვაქცინაცია.”-განაცხადა ამირან გამყრელიძემ რუსთავში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.