აპლიკანტებისთვის, რომლებსაც ტემპერატურა ექნებათ ცალკე სივრცეები მოეწყობა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ცალკე სივრცეების მოწყობა იგეგმება.

როგორც სოფიო გორგოძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თუ გამოცდებთან დაკავშირებით რაიმე შეიცვლება, საზოგადოებისთვის გამოცდებამდე რამდენიმე კვირით ადრე გახდება ცნობილი.

„ჩვენ ვგეგმავთ, რომ ასეთი სივრცეები მოვაწყოთ. თუმცა, თუ რაიმე შეიცვალა, გამოცდებამდე 2-3 კვირით ადრე გვეცოდინება”,- განმარტავს გორგოძე.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის ისევ ის რეგულაციებია გაწერილი, რაც წინა წელს მოქმედებდა.

„ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს ის რეგულაციები, რაც შარშან მოქმედებდა. ჯანდაცვის სამინისტრო რეგულაციებს თუ განაახლებს, ეს იქნება, ალბათ, გამოცდებამდე რამდენიმე კვირით ადრე, როდესაც ეპიდსიტუაცია მოგვცემს საშუალებას ვთქვათ ზუსტად იგივე რეგულაციები უნდა დავიცვათ, თუ შევცვალოთ”,-აცხადებს გორგოძე.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტებს, როგორც ის განმარტავს, კოვიდინფიცირებულ აბიტურიენტებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია მიმდინარეობს.