კანდელაკი: დელეგაციას ჰქონდა საშვები, ინფორმირებული იყო შს მინისტრიც

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოში ვლადიმერ პოზნერს და მის თანმხლებ პირებს საშვები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ჰქონდათ.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ამ დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები საქართველოს შსს-ის მიერ. ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე და ამ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც.

მათ საშვები ჰქონდათ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩარაზული არიან სახლში, ეს ხალხი მიაცილა სახლში საქეიფოდ პოლიციის ესკორტმა, რაც წინასწარ საშვების გარეშე და მაღალი დონის შეთანხმების გარეშე შეუძლებლი იქნებოდა. რა დააშავა უამრავმა რესტორანმა, რომელიც ვერ იხსნება?!”, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.