პრეზიდენტი: გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის განცხადებით

გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ჩემს სახელს იყენებს, აკავშირებს ერთი კონკრეტული შეწყალების თემას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, გადაწყვეტილებას იღებს მოსალოდნელი კრიტიკისა, თუ შექების მიუხედავად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ მიაჩნია.

„ის ვერ გაიგო მავანმა, რომ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს ამ საკითხებში და არა მხოლოდ, ვიღებ მოსალოდნელი კრიტიკისა, თუ შექების მიუხედავად, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვთვლი საჭიროდ.

მგონი, ეს საქმით დავამტკიცე. მინდა, ყველას შეგახსენოთ ერთი მარტივი წესი, რომ შეწყალების უფლებამოსილება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკების საგანი. ისიც ნათელი უნდა იყოს, რომ შეწყალების გადაწყვეტილება, როგორც არაერთხელ მითქვამს, არ ექვემდებარება რაიმე ზეწოლას, მითითებებსა, თუ მოთხოვნებს, იქნება ეს ოპოზიციისგან, მმართველი პარტიისგან, თუ სხვისგან. პრეზიდენტი შეწყალების შესახებ წინასწარ პრინციპულად არ საუბრობს და მოტივიაციას არ ასაჯაროებს, თუმცა ამ თემით სხვებისგან გაუთავებლად აპელირება და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, იძულებული გავხდი, დავარღიო ეს პრინციპი და მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია, რათა ყოველგვარი სპეკულაცია შეწყდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღესვე, სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ გიორგი რურუას იმ შემთხვევაში შეიწყალებს, თუ მედიატორები გამოაცხადებენ, რომ პარტიებს შორის შეთანხმება შედგა.