გამყრელიძე: ქვემო ქართლში დაგვჭირდება დღეში 1000-1200, ცოტა მეტი აცრა

ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტში და განსაკუთრებით რუსთავში აუცილებელი იქნება ვაქცინაციის გააქტიურება. ქვემო ქართლში დაგვჭირდება დღეში 1000-1200, ცოტა მეტი აცრა, ყველაზე დიდი წილი მოვა რუსთავზე, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რეგიონის ეთნიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საინფორმაციო კამპანიის გააქტიურება და მუნიციპალიტეტებში ცნობადი სახეების ვაქცინაცია.

“მოგეხსენებათ, ქვემო გამოირჩევა ეთნიკური მრავალფეროვნებით, ამიტომ ჩამოვიტანეთ სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილი მასალა, რომელიც აუცილებელია ჩვენს ეთნიკურ უმცირესობებს მიეწოდოს, ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია თითოეულ მუნიციპალიტეტში ცნობადი სახეების, ადგილობრივი ხელისუფლების მეტი აქტივობა, რომ ეს პროცესი მთელი წლის განმავლობაში იყოს ძალიან აქტიური, იმუნიზაცია უნდა იყოს ქვეყნის პირველი პრობლემა, იმიტომ რომ იმუნიზაციაშია გასაღები , ეკონომიკის გახსნის, ჩვენი ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნების”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.