ერთ-ერთი აფთიაქში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინეს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, თბილისში მდებარე ერთ-ერთი აფთიაქის ინსპექტირებისას დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი აღმოაჩინა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნებართვოდ არსებული, პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტი დაილუქა და დაწესებულებას ჩამოერთვა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, დაწესებულებაში განხორციელებული კონტროლის ღონისძიების შედეგად დადასტურდა, რომ აფთიაქი ახორციელებდა უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობას და აღნიშნული ფსიქოტროპული ნივთიერებები დაწესებულებას მიღებული ჰქონდა კანონდარღვევით.

“სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ჩამორთმეული იქნა ყველა ის მედიკამენტი, რომელთა მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაცია აფთიაქს არ გააჩნდა. საერთო ჯამში 1087 ერთეული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც მიეკუთვნება პირველი ჯგუფის მედიკამენტებს,” – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.