მარნეულში დაკავებული აქტივისტები ბოლნისის სასამართლოში გადაჰყავთ

მარნეულში მერიასთან მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული აქტივისტები ბოლნისის სასამართლოში გადაჰყავთ.

“მოძრაობა საქართველოს” წევრები რაიონული სასამართლოს ეზოში იმყოფებიან და დაკავებულთა გადაყვანას ელოდებიან.

აქტივისტების თქმით, მსგავსი რეპრესიებით საპროტესტო მუხტს ვერ შეაჩერებენ.

მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას 6 აქტივისტი დააკავეს. “მოძრაობა საქართველოსთვის” აქტივისტები დღეს მარნეულის მერიასთან იყვნენ მისულები და შენობაში შესვლა ცდილობდნენ, რისი შესაძლებლობაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

მოძრაობა ერთ-ერთი აქტივისტის გიორგი მუმლაძის ძმის სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდა, ისინი მერიის გადაწყვეტილებას მუმლაძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ.

ჯამში 6 ადამიანია დაკავებული – გიორგი მუმლაძე, ალბერტ მერაბიშვილი, მიხეილ აკობაშვილი, კახა კვეკვესკირი, ნიკა ნარსია და ჯანა საჯაია. ისინი ბოლნისში წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები.