მთავრობის რეკომენდაციაა ხანდაზმული პირები მაქსიმალურად სახლში დარჩნენ

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ხანდაზმულ პირებს რეკომენდაციით მიმართავს. საბჭო მოუწოდებს ხანდაზმულ პირებს გართულებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მაქსიმალურად სახლში დარჩნენ.

ამის შესახებ განცხადება დღეს საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გააკეთა.

“ეპიდვითარების ვითარების გაუარესების გათვალისწინებით ხანდაზმულ პირებს მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად დარჩნენ სახლში. კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე, ხალხმრავალი შეკრებები, რომელთა გამართვა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით აკრძალულია,” – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.