“კარგია ქუჩების გამწვანება, მაგრამ უფრო გრძელვადიან ღონისძიებებზე უნდა ვიფიქროთ”

  კარგია ქუჩების გამწვანება და გალამაზება, მაგრამ უფრო ღირებულ და გრძელვადიან ღონისძიებებზე უნდა ვიფიქროთ. სწორედ ეს პროექტი, რუსთავის ჭალების-ტყის აღდგენა არის გრძელვადიანი პროექტი, რომლითაც ჩვენს შვილებს დავუტოვებთ იმას, რაც ჩვენს ბავშვობაში იყო და, სამწუხაროდ, დღეს აღარ არის,- ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის ,,ჭალა_ტყის აღდგენის“ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონის ამოქმედებამდე, მნიშვნელოვანია რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანოს და გამწვანების აქციებში აქტიურად მიიღონ მონაწილეობა.

“პატარა ექსკურსს გავაკეთებ, როგორ დავიწყეთ ეკოლოგიაზე ზრუნვა. მთავარი ამოცანა იყო კანონის მიღება, რაც ჩვენი უშუალო და პირდაპირი მოვალეობა იყო და შევეცადეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად, რაც შეიძლება მოკლე დროში, კანონი მიგვეღო და ეს კანონი, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში  აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს და აუცილებლად მიგვიყვანს იქამდე ,რომ აღარ იქნება უპასუხისმგებლო ბიზნესი და ისინი აღარ შეეცდებიან, რომ ეკოლოგიის და გარემოს დაბინძურების ხარჯზე აწარმოონ თავისი პროცესები.  

თუმცა, ჩვენ ბევრს ვმსჯელობთ და გავდივართ სხვადასხვა საკითხებს, როგორ შეიძლება, მანამ სანამ კანონი ამოქმედდება,  მივიღებთ იქიდან ჩვენს ეკოლოგიური დივიდენდებს, როგორ შეიძლება ჩვენც ჩვენი  წვლილი შევიტანოთ ქალაქის გამწვანებაში, ეკოლოგიის გაუმჯობესებაში და რა თქმა უნდა, არ უნდა დაველოდოთ მხოლოდ კანონს. ჩვენც შეგვიძლია, როგორც ამას ჩვენი მეგობრები წლების განმავლობაში უანგაროდ აკეთებდნენ, ამწვანებდნენ და უვლიდნენ ქალაქს, შეგვიძლია ამ პერიოდის განმავლობაში  მივიღოთ მონაწილეობა სწორედ ასეთ აქციებში. ბოლო რამდენიმე კვირაა არ გამოგვიტოვებია არცერთი შაბათ-კვირა,  ყოველ შაბათ- კვირას გვაქვს მწვანე აქციები. 

 ერთ-ერთი ჩვენს შეხვედრაზე, ბატონი ლექსო დალაქიშვილი და ძალიან ბევრი ვისხედით და ვსაუბრობდით, რომ კარგია ქუჩების გამწვანება და გალამაზება, მაგრამ უფრო ღირებულ და გრძელვადიან ღონისძიებებზე უნდა ვიფიქროთ. სწორედ ეს პროექტი, რუსთავის ჭალების -ტყის აღდგენა, არის გრძელვადიანი პროექტი ,რომელიც რომ ვამბობთ ხოლმე რომ შვილებისთვის, უკეთესი მომავლისთვის, ალბათ ეს პროექტია, რომ ჩვენს შვილებს დავუტოვებთ იმას, რაც ჩვენს ბავშვობაში იყო და სამწუხაროდ დღეს აღარ არის.”-განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.