საქართველოში ვაქცინაციის პუნქტების ქსელი გაფართოვდება

მომავალი კვირიდან საქართველოში ვაქცინაციის პუნქტების ქსელი გაფართოვდება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, მომავალი კვირიდან მოქალაქეები აცრას დამატებით 78 პუნქტში შეძლებენ. ტიკარაძის თქმით, ამისთვის 100-ზე მეტი ჯგუფია გადამზადებული.

„შემდეგი კვირიდან გაფართოვდება მნიშვნელოვნად ქსელი, სადაც მოხდება ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია, კერძოდ კი 78 ცენტრი დაემატება. უკვე გადამზადებულია 100-ზე მეტი ჯგუფი, რომელიც მოახდენს საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაციას და საერთო ჯამში, საქართველოში ამ ეტაპისთვის, გაშლილი იქნება 138 ცენტრი, სადაც ვაქცინაციის პროცესი გაიმართება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ჯერ საყოველთაო ვაქცინაცია არ იწყება და მიმდინარე კვირას კლინიკურ ჯგუფთან ერთად, კიდევ ერთხელ შეიკრიბება ვაქცინაციის საბჭო. საბჭოზე „ასტრაზენეკასთან“ და იმ ვაქცინებთან დაკავშირებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანაში უნდა შემოვიდეს.

„ამ კვირაში კლინიკურ ჯგუფთან ერთად დამატებით შეიკრიბება კიდევ ვაქცინაციის საბჭო და გადაწყვეტილებას მიიღებს „ასტრაზენეკასთან“ და იმ ვაქცინებთან დაკავშირებით, რომლის მოლოდინიც ქვეყანას აქვს“, – განაცხადა ტიკარაძემ.