უდუმაშვილი: როდესაც შევხვდებით შარლ მიშელს, ჩვენს პოზიციას გავაცნობთ

როდესაც ჩვენ შევხვდებით ბატონ შარლ მიშელს, ჩვენს პოზიციას გავაცნობთ, რომელიც მან ისედაც კარგად იცის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია უცვლელია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, რაც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ეხება.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია. ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ციხეში იმყოფება, მანამდე არანაირი შეთანხმების ხელმოწერის შესაძლებლობას არ განვიხილავთ. მე მგონი, ეს ძალიან გასაგები არგუმენტია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვისაც, იმიტომ, რომ ნიკა მელიას დაკავების დღიდან მათი მოწოდება იყო, რომ პარტიის თავმჯდომარე უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა დღემდე ეს არ მომხდარა. შესაბამისად, დღესაც, როდესაც ჩვენ შევხვდებით ბატონ შარლ მიშელს, ჩვენს პოზიციას გავაცნობთ, რომელიც მან ისედაც კარგად იცის. ვეტყვით, რომ დიახაც, ვიდრე ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი არ მოგვარდება, მანამდე რაიმე შეთანხმებაზე „ქართულ ოცნებასთან” საუბარი ძნელია”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.