ხაზარაძე: მინდა ვისურვო, რომ მომავალში პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი შესათანხმებლად

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

„მინდა შევუერთდე გამომსვლელებს და მადლობა გადავუხადო ყველას მოთმინებისთვის. მინდა ვისურვო, რომ მომავალში პოლიტიკურ პარტიებს არ დასჭირდეთ ამდენი ხანი საკითხების შესათანხმებლად და ამდენი შუამავალი. მინდა ვისურვო, რომ დღევანდელი დღე იქნება გარდატეხის და შემოტრიალების წერტილი ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების, რამეთუ ძალიან ბევრი წელი დავკარგეთ ერთ ადგილზე დგომით და უკან გადადგმული ნაბიჯებით. მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც წინა სცენაზე არ იდგა მოლაპარაკების დროს, მაგრამ ასრულებდა ძალიან დიდ ტექნიკურ და მხარდამჭერ სამუშაოს, რამაც დღევანდელი დოკუმენტი გახადა რეალობა, მინდა რომ საქართველომ გაიმარჯვოს და ჩვენი ქვეყანა იყოს ძალიან წარმატებული“,- განაცხადა ხაზარაძემ.