„განახლებული რეგიონები“ -რა ინფრასტრუქტურული პროექტები დაიგეგმა ქვემო ქართლში

  რუსთავში მეგობრობის გამზირისა და მერიის წინ მდებარე მოედნის ურბანული განახლება პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში დაიწყება. ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლებისთვის მდებარეობები ​სპეციალურმა კომისიამ შეარჩია. პროექტები  სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

კომისიის სხდომას ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მხარის პირველი პირი შოთა რეხვიაშვილი  და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებიან.

მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში, პროექტების განხორციელების ძირითად არეალად, რეგიონის მასშტაბით ცენტრალური ქუჩები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა შეირჩა:
• ქ. რუსთავი – მეგობრობის გამზირი და მერიის წინ მდებარე მოედნი.
• ქ. ბოლნისის ცენტრალური – სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა.
• ქ. გარდაბანი – დავით აღმაშენებლის ქუჩა.
• ქ. დმანისი – თავისუფლების ხეივანისა და წმინდა ნინო ქუჩის N41-54 მიმდებარე სივრცე.
• ქ. თეთრიწყარო – თამარ მეფის ქუჩა.
• ქ. მარნეული – სარეკრეაციო სივრცე რუსთაველის ქუჩაზე.
• ქ. წალკა – ცენტრალური პარკი და არისტოტელეს ქუჩა.

პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში და აღმოსავლეთ საქართველოს 2 რეგიონში – კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.

„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.

პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით