დანიელსონი: ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პერსონალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, ევროკავშირი ყურადღებით მიადევნებს თვალს შარლ მიშელის შეთანხმების სრულად იმპლემენტაციის პროცესს.

მისივე განცხადებით, ევროკავშირის დახმარება დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე.  ამის შესახებ  დანიელსონმა ონლაინ დისკუსიისას განაცხადა, რომელიც საქართველოს მიერ პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენისა და რეფორმების გატარების თემას მიეძღვნა.

„ამ შეთანხმებით საქართველო შეძლებს ფოკუსირება მოახდინოს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა პანდემია და მისი ეკონომიკური შედეგები, ასევე გარემოსდაცვითი გამოწვევების გადალახვა“, – აღნიშნა დანიელსონმა.

მისი თქმით, საქართველოს შეუძლია ევროკავშირის დახმარების იმედი ჰქონდეს, როგორც პოლიტიკური, ასევე კონკრეტული დახმარების სახით და მან იმ ფინანსურ დახმარებაზე ისაუბრა, რაც ევროკავშირმა საქართველოს ბოლო პერიოდში აღმოუჩინა. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის.

„ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე და ეს ასეც უნდა იყოს ახლო პარტნიორებს შორის”, – აღნიშნა დანიელსონმა.