ქურდობების სერია გრძელდება – რუსთავში 300-მდე ლიფტი გაქურდეს

რუსთავში ლიფტების გაქურდვის სერია გრძელდება – ქალაქის სხვადასხვა მისამართზე, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებიდან ლიფტის ნაწილები  ისევ მოიპარეს. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ლიფტის ნაწილებს სავარაუდოდ,  “კომენდანტის საათის” დროს იპარავენ.

TV4-ის ინფორმაციით, გაქურდეს ლეონიძის N24 და N26 საცხოვრებელი კორპუსებში არსებული ლიფტები, ასევე მესხიშვილის N9-სა და მეგობრობის N47-ში მოპარულია მოწყობილობები, რომელიც ლიფტის მუშაობისთვის არის აუცილებელი.

აღნიშნულ მისამართებზე ლიფტები არ მუშაობს და მოსახლეობას  მათი შეკეთება საკუთარი სახსრებით უწევთ.

ლიფტის ხელოსნები TV4-თან ამბობენ, რომ ქალაქში ბოლო სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე ლიფტი გაქურდეს.

TV4 შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყება ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.