რამდენად დაცული არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ ერთი ინექციით არიან აცრილი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას Deutsche Welle შეეცადა.
ექსპერტებმა არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ გამოყენებისათვის დამტკიცებული პრეპარატების უმეტესობა ორდოზიან აცრას გულისხმობს. სწორედ ასე ხდება ვირუსისგან უფრო საიმედო და გრძელვადიანი დაცვა. კვლევების მიხედვით, მხოლოდ ერთხელ აცრილი ადამიანები გარკვეულწილად დაცულები არიან, მაგრამ რამდენად და როდემდე გრძელდება ეს, ჯერჯერობით გაურკვეველია.
დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ორმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, ორგანიზმში საკმაოდ ძლიერი იმუნური რეაქცია წარმოიქმნება.
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ BioNTech / Pfizer-ისა და AstraZeneca-ს პირველი ინექციის შემდეგ, სიმპტომური კორონავირუსული ინფექციების წილი 72%-ით შემცირდა. BioNTech / Pfizer– ის ორი დოზა კი ავადობისგან 90%-ით იცავს. ამასთან, კვლევა არ მოიცავს მონაცემებს, თუ რამდენად მაღალია დაცვის დონე AstraZeneca-თი ორმაგი ვაქცინაციის შემდეგ, რამდენადაც ისინი ჯერ ხელმისაწვდომი არ არის.
კვლევის ერთ-ერთი ავტორი კოენ პოუელსი აცხადებს, რომ მეორე დოზის შემდეგ ვირუსისგან დაცვა ბევრად უფრო ეფექტიანია და დიდხანსაც გრძელდება. მეცნიერის განმარტებით, მეორე ინექცია ორგანიზმში ანტისხეულების დონეს მნიშვნელოვნად ზრდის, განსაკუთრებით კი – ხანდაზმულ ადამიანებში, ამიტომაც მისი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.
თავის მხრივ, ვირუსოლოგი რასმუსენიც დასძენს, რომ ვაქცინის მეორე დოზა ასევე აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანის იმუნური მეხსიერება გრძელვადიანი პერსპექტივით გააქტიურდეს.
საკითხის შესწავლა დაიწყო ტორონტოს ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმატოლოგმა მაიკლ უორნერმა.
”თქვენ არ ხართ აცრილი მანამ, სანამ ვაქცინის ორივე დოზას არ მიიღებთ”, – დაწერა მან Twitter- ის საკუთარ გვერდზე.
უორნერის თქმით, არის შემთხვევები, როდესაც აცრის პირველი დოზის გაკეთებიდან დიდი ხნის შემდეგ (გარკვეული იმუნური დაცვა რომ უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყოს) ადამიანები ახალი კორონავირუსით ინფიცირდებიან და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ხვდებიან. ამიტომაც კანადელი ექიმი ხელისუფლებას მოუწოდებს, ადამიანებს უფრო მკაფიო და დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ იმის შესახებ, აცრის ორ დოზას შორის არსებულ ინტერვალში თუ როგორ უნდა მოიქცნენ.
საკმარისია თუ არა ვაქცინის ერთი დოზა მათთვის, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა?
იმ ადამიანებისთვის, ვინც COVID-19 უკვე გადაიტანა, სიტუაცია სხვაგვარია. გერმანიის ვაქცინაციის მუდმივმოქმედი კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ კოვიდგადატანილმა პირმა აცრის პირველი დოზა უნდა მიიღოს არა უადრეს ექვსი თვისა.
”გამომუშავებული იმუნიტეტის წყალობით, ძლიერი და გრძელვადიანი იმუნური რეაქცია ვაქცინის პირველივე დოზის შემდეგ ყალიბდება”, – ნათქვამია რობერტ კოხის ინსტიტუტის (RKI) ვებგვერდზე.
ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრ Cedars-Sinai-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 260-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ „BioNTech / Pfizer-ის ვაქცინის ერთი დოზის შემდეგ კოვიდგატანილ პირებში იმუნური რეაქცია უტოლდებოდა იმ ადამიანებისას, ვინც ვაქცინის ორივე რეკომენდებული ინექცია გაიკეთა. აღნიშნული კვლევის ავტორები წერენ, რომ მიღებული შედეგების მიხედვით, ვაქცინის ერთი დოზა საკმარისია იმ პირებისთვის, ვინც COVID-19 უკვე გადაიტანა.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ჯონათან ბრანის აზრით, ეს დასკვნა კიდევ ერთ უპირატესობას წარმოაჩენს.
”ბევრს უკვე ჰქონდა ახალი კორონავირუსი და უმეტეს რეგიონებში კვლავ ვაქცინების დეფიციტია. თუ გამოჯანმრთელებულ პირებს მხოლოდ ერთხელ ავცრით, სულ უფრო მეტი ადამიანი მიიღებს COVID-19-ისგან სრულ დაცვას. ასეთ შემთხვევაში კი მსოფლიო საზოგადოება გაცილებით ადვილად მიიღებს იმუნიტეტის იმ დონეს, რომელიც ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს“, – წერს მეცნიერი DW-სთვის გაგზავნილ წერილში.