რეხვიაშვილი: ეთნიკური ნიშნით აქ შუღლის ნიადაგი და საფუძველი არ არის

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი დმანისში იმყოფება. როგორც მხარის პირველმა პირმა განაცხადა, დმანისში დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. შოთა რეხვიაშვილის თქმით,  ეთნიკური ნიშნით შუღლის საფუძველი არ არსებობს.

„სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზარდა ფიზიკურში, თუმცა ქვემო ქართლში ჩვენი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ემოციურად სხვაგვარად აღიქმება ეს ყველაფერი. არასასურველი გაგრძელებები მოჰყვა. შესაძლოა, ვინმეს სურვილი აქვს, რომ აქ შუღლი იყოს, მაგრამ გამორიცხულია. ეთნიკური ნიშნით აქ შუღლის ნიადაგი და საფუძველი არ არის. იყო საყოფაცხოვრებო კონფლიქტი.

მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევა არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. ჩვენ დავგეგმეთ ის ნაბიჯები, რაც მომავალში გამორიცხავს ამგვარ გაუგებრობებს. გვაქვს დღის წესრიგი, უნდა შევხვდეთ ორივე მხარეს, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს და ქართველებს, რათა ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობიანი. დავიწყოთ იმ მიზეზების გაანალიზება, რამაც კონფლიქტი აქამდე მიიყვანა. დღეს დილით 200 ადამიანი იყო მობილიზებული. შეუძლებელია, ასე 200 ადამიანი ჰაერზე მობილიზდეს. ეს არის გამოძიების თემა. თუ ვინმე არის კონკრეტული ორგანიზატორი (ალბათ არის), რა მიზანი აქვს და რა განზრახვები ამოძრავებს, ამასაც გაეცემა პასუხი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.