WHO: შესაძლოა, რამდენიმე თვეში პანდემია კონტროლს დაექვემდებაროს

პანდემია შესაძლოა, რამდენიმე თვეში კონტროლს დაექვემდებაროს. ამის შესახებ “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” (WHO) დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა მედიაბრიფინგზე ისაუბრა.

“ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები იმისათვის, რომ რამდენიმე თვეში პანდემია კონტროლს დავუქვემდებაროთ, თუ ჩვენ მათ თანმიმდევრულად და თანაბრად გამოვიყენებთ”,- აღნიშნა გებრეისუსმა.

გებრეისუსმა ვაქცინების თანაბრად განაწილების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

“ჩვენ მოვუწოდებთ mRNA ვაქცინების მწარმოებლებს, ჰაბში შემოვიდნენ საკუთარი ტექნოლოგიითა და გამოგონებებით, ხოლო დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების მწარმოებლებს მოვუწოდებთ დაინტერესდნენ ამ ტექნოლოგიის მიღებით. ჩვენ ვხედავთ წარმოუდგენელ ინოვაციურ მიდგომებს მეცნიერებაში. ახლა ჩვენ გვჭირდება ინოვაცია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ამ მიღწევებით”,- განაცხადა მან.

WHO-ს დირექტორის თქმით, პანდემიასთან ბრძოლასთან ერთად, ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ გარემოზე ზრუნვა, რადგან პანდემია დასრულდება, მაგრამ ადგილზე დარჩება სხვა გამოწვევები, მათ შორის კლიმატის კრიზისი.