მიშელი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას – ევროკავშირი თქვენთანაა

ყველას ერთად გპირდებით, რომ ევროკავშირი ძლიერ და სანდო პარტნიორად დარჩება. იმედი გვაქვს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ შეხვედრაში ვიღებ მონაწილეობას. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებელნი უკვე 30 წელია. ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის, თანამშრომლობის, ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე და ეს არ ყოფილა იოლი გზა.

ევროკავშირი თქვენთანაა, სრულ სოლიდარობას გიცხადებთ! აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას. ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, საერთო მისწრაფებები, საჭიროებები. დეკემბერში კი ჩვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გვექნება და თქვენ ყველას ერთად გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად. იმედი გვაქვს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებთ.

დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ კოვიდ 19-ის სახით. ყველამ ვიცით, რომ პანდემია გლობალური თანამშრომლობით თუ დაიძლევა. 2,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოვახდინეთ ამ კრიზისის დასაძლევად. ეს ძლიერი მხარდაჭერა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა. ევროკავშირი უმსხვილესი პარტნიორი და დონორია ვაქცინაციის პროცესში.

მეგობრებო, ჩვენ ბევრი სხვა გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით: ეკონომიკური ზრდა, კლიმატის ცვლილება, ციფრული გარდაქმნა იქნება, თუ ნებისმიერი სხვა. ასევე თანაბარი ინკლუზიური საზოგადოების შექმნა.

მეგობრებო, ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციასაც თავისი სარგებელი აქვს – საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს უვიზო რეჟიმით მიმოსვლით“, – განაცხადა მიშელმა.