ღვინის ქარხნებში თაღლითობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავა. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებია 4 პირი, რომლებიც  წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის არიან ნასამართლევი.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა გ.ც.-მ და მ.ც.-მ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბეს და სხვა ბრალდებულებთან ერთად, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ღვინის ქარხნებში, ყურძნის მიღების დროს ელექტროსასწორებზე განხორციელებული ხელოვნური მანიპულაციის შედეგად, დიდი ოდენობით თანხებს უკანონოდ ეუფლებოდნენ.

ბრალდებულებმა სექტემბერში, ერთ-ერთ ღვინის ქარხანაში არსებულ მაღალი ტონაჟის სასწორზე ფარულად დაამონტაჟეს დისტანციური წესით სამართავი მოწყობილობა და დისტანციური მართვის პულტების საშუალებით ახდენდნენ მათ მიერვე მოძიებული, ყურძნით დატვირთული ავტომანქანების წონის ხელოვნურად გაზრდას.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ასევე, ღვინის ქარხნის დათვალიერებისას, კუსტარულად დამზადებული, წონის მომატებისთვის საჭირო აპარატურა, სამართავი პულტი, აგრეთვე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 4 630 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქარველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.