ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე, მობილური ამცრელი ბრიგადები შეიქმნა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე, მობილურმა ამცრელმა ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

3 ჯგუფი, მოთხოვნის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის.

ამცრელმა ჯგუფმა იმუნიზაციის პროცესი სოფელი ტალავერიდან დაიწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა, სოფლის ამბულატორიაში, მოქალაქეებს „სინოვაკის“ ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს.

ჯგუფები იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არიან აღჭურვილები.

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაშია შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მომავალი კვირიდან ამცრელი პუნქტები დაბა კაზრეთსა და სოფელ ქვეშშიც დაემატება.