ნინო ლაცაბიძე: რუსთაველებმა ვერ ვიგრძენით ის შედეგი, რაც ამ კანონს უნდა მოეტანა[ვიდეო]

 “ვიცით, რომ რუსთავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღება,  თუმცა აღსრულების ნაწილში გვაქვს პრობლემები და გულწრფელად რომ ვთქვათ, რუსთაველებმა ვერ ვიგრძენით ის შედეგი, რაც ამ კანონს უნდა მოეტანა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა და რუსთავის მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ისაუბრა, სადაც დეპუტატებმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის I ვარიანტის ძირითადი პარამეტრები მოისმინეს.​

საკითხს სხდომაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, პასუხისმგებლობის კანონის გარშემო არსებული პრობლემები ორ ჭრილში უნდა იქნეს განხილული:

“აუცილებელია წახალისების მექანიზმები – ბიზნესს ძალიან უჭირს ახალი ტექნოლოგიების შეძენა იმისთვის, რომ უწყვეტად იმუშაოს საწარმოებმა. ამიტომ პროგრამული დაფინანსების ფარგლებში კვლავ გვაქვს სამსჯელო, რომ შეიქმნას ბიზნესის წამახალისებელი მექანიზმები და ტერმინი “მწვანე ეკონომიკა” მარტო ფურცელზე არ დარჩეს. ჩვენ მეთოდურად შესაცვლელი გვაქვს მიდგომა, როდესაც ვსაუბრობთ მწვანე ეკონომიკაზე და ზოგადად ჯანსაღ გარემოზე ქალაქსა და რეგიონებში. ასევე აუცილებელია ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური აღჭურვა – თვითონ ზედამხედველობასაც მოუწევს ზიანის კანონის აღსრულება და ზედამხედველობის რესურსი ტექნიკური აღჭურვილობით არ არის საკმარისი”, – აღნიშნა მაია ბითაძემ.