ბავშვების რომელ ასაკობრივ კატეგორიაში გახდა კოვიდვაქცინის გაკეთება შესაძლებელი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა 12 წლიდან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში აცრის რეკომენდაციას ამ ეტაპზე გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ უკვე დაიწყო ფართო ვაქცინაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით 12-დან 15 წლამდე მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებზე. ასევე, აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში უკვე ჩაიტარა ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებლი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისივე ცნობით, ვაქცინის მესამე დოზით აცრა 50 წლის ზემოთ ადამიანებს და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებს შეეძლებათ.

„საბჭომ მხარი დაუჭირა ბუსტერ დოზის გამოყენებას მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში. ასევე ნებისმიერი ასაკის პირებში, რომლებსაც აქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება, ასევე მაღალი რისკის პროფესიებში, როგორიც არის სამედიცინო პერსონალი, დახურული ტიპის დაწესებულებაში მცხოვრები პირები და იქ დასაქმებული თანამშრომლები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.