ყველაფერი, რაც აზარტული თამაშების რეგულირებაზე მთავრობის გეგმას ეხება

ფინანსთა სამინისტრომ დღეს აზარტული თამაშების რეგულირების დეტალური მოდელი წარადგინა, რომლითაც 1 მილიონ ადამიანს თამაშის უფლება ეკრძალება. მათ შორისაა 25 წლამდე პირები, საჯარო მოხელეები და სოცდაუცველი მოქალაქეები.

პრემიერმა ფინანსთა სამინისტროს 1-კვირიან ვადაში დაავალა რეგულირების პაკეტის მომზადება, რაც დღეს ფინანსთა მინისტრმა წარადგინა.

ცვლილებები შემდეგ ძირითად მიმართულებას აერთიანებს:

1. 25 წლამდე მოქალაქეთათვის ფიზიკური და ონლაინ-თამაშების აკრძალვა, საჯარო მოხელეებისთვის თამაშების აკრძალვა, სოცდაუცველებისთვის თამაშის აკრძალვა. მთლიანობაში 1 მლნ მოქალაქეს თამაში ეკრძალება. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ამ წესის დარღვევისთვის ფინანსური სანქციები აზარტული თამაშების პროვაიდერებისთვის იქნება განკუთვნილი;

2. ონლაინ-აზარტული თამაშების დაბეგვრის წესის ცვლილება. განაწილებული მოგების გადასახადის სისტემა იცვლება GGR-ის 10%-ის დაბეგვრის წესით. თუკი ახლა ონლაინ-აზარტული თამაშების ფირმები იხდიან ისეთივე განაკვეთის და სტრუქტურის მოგების გადასახადს, რაც სხვა სექტორებისთვისაა დაწესებული, ახალი მოდელით დაიბეგრება მათ მიერ ფსონების სახით მიღებულ თანხასა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის (GGR) 10%, რასაც ისინი ბიუჯეტში გადაიხდიან. ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს ცვლილება მათ დასაბეგრ ბაზას 65-70%-ით გაზრდის.

3. რეკლამების აკრძალვა, რაც გავრცელდება სატელევიზიო და გარე რეკლამების მიმართულებით. ონლაინ სივრცეში კი აკრძალვა შეეხება მხოლოდ ქართულ ვებგვერდებს, სადაც აზარტული თამაშების კომპანიების რეკლამების განთავსება აიკრძალება. რეკლამის აკრძალვა არ შეეხება სპონსორობას, აზარტული თამაშების კომპანიებს კვლავ შეეძლებათ საფეხბურთო კლუბების, სატელევიზიო გადაცემების თუ სხვა აქტივობების სპონსორობა, თუმცა მათი ბრენდის და ლოგოს გამოჩენა შეიზღუდება;

4. “შავი სია” – ეს ინიციატივა 25 წლამდე თამაშის აკრძალვასთან ერთად 2018 წელსაც არსებობდა, თუმცა მაშინ მისი მიღება არ მომხდარა. ცვლილების შედეგად, მოქალაქის ოჯახის წევრს, სასამართლოსთვის მიმართვის გზით შეეძლება კონკრეტული პირისთვის აზარტული თამაშის უფლების აკრძალვა. “შავ სიაში” მოქალაქეები საკუთარი განცხადების საფუძველზეც შევლენ;

5. აზარტული თამაშების პროვაიდერის სისტემის გამოყენებით აიკრძალება ერთი პირიდან მეორეზე თანხის გადარიცხვა;

6. აიკრძალება თანხის გადარიცხვა აზარტული თამაშების უცხოური პროვაიდერების ანგარიშებზე. ეს აკრძალვა შეეხებათ საქართველოში რეგისტრირებულ ბანკებს და საგადახდო სისტემების პროვაიდერებს. მისი მიზანია, რომ თავიდან იქნეს აცილებული მოქალაქეთა მხრიდან უცხოური სათამაშო სისტემების გამოყენება;

7. ნებისმიერი მოცულობის მოგებული თანხის გატანა 2%-ის საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება.

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საკითხის განხილვა დაინტერესებულ პირებთან ერთად შედგება, ასევე დაიწყება ინიციატივის საპარლამენტო განხილვებიც.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ცვლილებები იქნება შემუშავებული იმგვარად, რომ მათ გამო სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადების მოცულობა არ შემცირდეს, რადგანაც 1 მილიონი ადამიანისთვის თამაშის აკრძალვასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება აზარტული თამაშების დასაბეგრი ბაზა, რის შედეგადაც საბიუჯეტო შემოსავლები უცვლელად უნდა შენარჩუნდეს.