რუსთავის მერიის თანამშრომლებს კოვიდტესტირება ჩაუტარდათ

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატებისა და ომიკრონის შტამის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის მერიის თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთავში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხევევბის რაოდენობამ იმატა. კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების გამო, მერიის საქმიანობის შეფერხება რომ არ მოხდეს, შენობაში კოვიდრეგულაციების ზედმიწევნით დაცვა ხდება, თანამშრომლებს კი ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, ანტიგენის სწრაფი ტესტით, დღეს მერიის ადმინისტრაციისა და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები გატესტეს.

უახლოეს დღეებში, მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებსა და კონტროლიორებს ჩაუტარდებათ მასობრივი ტესტირება.