რუსთავის საკრებულოში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო [ვიდეო]

რუსთავის საკრებულოში ხმაური  იყო –  “ნაციონალური მოძრაობის” წევრები რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის წევრების მოთხოვნა უცვლელია, ისინი საკრებულოს სხდომათა დარბაზში შესვლას და სამუშაო სხდომის ჩატარებას ითხოვენ.

“ნაციონალური მოძრაობის”  პროტესტს დღეს ოპოზიციური პარტიები შეუერთდნენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რუსთავის მერიის შენობასთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ ენმ-ს წევრებს უფლება აქვთ საკრებულოს სხდომათა დარბაზში შევიდნენ, რის შესაძლებლობასაც წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატი არ აძლევთ.

“ნაციონალურ მოძრაობას” მხარს უჭერს “პარტია გირჩი-მეტი თავისუფლება” , “ევროპული საქართველო” და “ლელო”.

“დღეს კიდევ ერთხელ მოვედით, რომ მოგვეცეს საშუალება სხდომის ჩატარების. განცხადებებით და გვერდში დგომით შემოგვიერთდნენ სხვა ოპოზიციური პარტიები.  ამოვედით, რომ ეს მოთხოვნა კიდევ ერთხელ დაგვეყენებინა აპარატის უფროსთან. ზონდერი გივი წილოსანი შემოვიდა საქმეების გასარჩევად, რომელსაც არ ჰქონდა უფლებამოსილების განხორციელების უფლება და გამოიწვია პროვოკაცია, რაც ამათგან  მოსალოდნელია. იმ ოთახში, რომელსაც მიგვითითებენ, არანაირი პირობა არ არის და არც ფართობი, რომ 16 ადამიანი დაჯდეს და იმუშაოს. საკრებულოს აპარატის უფროსმა გააკეთა განცხადება, რომ თურმე ამის ღირსები არ ვყოფილვართ და კეთილი ნება გამოიჩინა, რომ ფრაქციიის ოთახი გვაქვს. მოვუწოდებ არჩილ ძამაშვილს, ნუ ასრულებს “ოცნების” პარტიულ დავალებებს და ნუ დაისამარებს თავს პროფესიულად.” განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნანა შატბერაშვილმა.

“როგორც გუშინ განვმარტე, საზოგადოებისთვის მინდა ცნობილი იყოს, დარბაზში რომ მოხდეს ღონისძიების გამართვა, უნდა დაკმაყოფილდეს რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმები და თვითმმართველობის კოდექსი. როცა ნებისმიერი მხარე ან მოქალაქე არ ეთანხმება კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოს ან მისი წარმომადგენლის ქმდებას, შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოიპოვოს უფლება. ბიუჯეტიც არის გასაჩივრებული 2022 წლის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, როგორც ეს პროცესი წავიდა სამართლებრივად, იგივენაირად შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და ის გადაწყვეტს.” – განაცხადა საკრებულოს აპარატის უფროსმა, არჩილ ძამაშვილმა.