რუსთავში არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, ალკოჰოლით ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

რუსთავში, VII მიკრო-რაიონში არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, ალკოჰოლით ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 14 იანვარს, ძველით ახალი წლის ღამეს 17 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდა, რა დროსაც ალკოჰოლი მიიღეს. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი შეუძლოდ გახდა და გარეთ გავიდა, რის შემდგომაც გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს,  რომ ადგილზე მისულებმა არასრულწლოვნის გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდაცველები მუშაობდნენ. როგორც TV4-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.