პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები წარედგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია და პრეზიდენტს წარუდგინა ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კენჭისყრის შედეგად, ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე პრეზიდენტს წარედგინა შემდეგი კანდიდატურები: თამაზ ფოლადაშვილი, თენგიზ თევზაძე და გიორგი კალანდარიშვილი.

ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე კი პრეზიდენტს წარედგინა: ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.