რუსთავის მერიის ჯანდაცვის უზრუნველყოფის, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა ქვეპროგრამაში ცვლილება შევიდა. საკითხი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაამტკიცა.
როგორც მომხსენებელმა, დავით მაღლაკელიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, განისაზღვრა ქვეპროგრამით მოსარგებლე ბავშვების ასაკი და სეანსების ჩატარების დრო. მშობლების მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეპროგრამით მოსარგებლე ბავშვების ასაკობრივი ზღვარი 15 წელი 18 წლამდე გაიზრდება. იზრდება სეანსების რაოდენობაც, რომელიც 12-ს შეადგენდა და ქვეპროგრამაში შესული ცვლილებების თანხმად თვეში 17 სეანსი გახდა.
საკითხს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი “ნაციონალური მოძრაობიდან” ნანა შატბერაშვილი გამოეხმაურა. შატბერაშვილის განცხადებით, საკითხი კომისიურ ფორმატში განიხილეს, თუმცა მნიშვნელოვანია, კომისიის სხდომებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელიც დაესწროს, რომელიც მათ კითხვებს, კომისიის ფორმატში, დეტალურად უპასუხებს.
“რეგლამენტის საფუძველზე, ჩემი თხოვნა იქნება საკითხები კომისიებსი წარმოადგინონ სამსახურის ხელმძღვანელებმა”-განაცხადა ნანა შატბერაშვილმა.
ინფორმაციისთვის, 16 მარტს რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რომ რუსთავის მერია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტს ზრდის. პროგრამით მოსარგებლე ბავშვებს, რუსთავის მერია თვეში 17 საათიან თერაპიას დაუფინანსებს. მერია დაფარავს ამ ბავშვების სპორტულ თუ სახელოვნებო წრეებში მეცადინეობის ხარჯებსაც. რუსთავის მუნიციპალიტეტი 33 სოციალურ პროგრამას ახორციელებს. მიმდინარე წელს სოციალური პროგრამების ბიუჯეტი რუსთავში გაზრდილია და მისი საწყისი თანხა 5 მილიონ ლარს შეადგენს.