გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის ცისფერ დარბაზში, სპეციალურად რუსთავის თეატრისთვის შექმნილი შრიფტის პრეზენტაცია და მასზე შექმნილი ვიდეორგოლის ჩვენება გაიმართა. ახალი შრიფტი რუსთაველმა კალიგრაფმა დავით მაისურაძემ თეატრის დაკვეთით შექმნა.
როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა განაცხადა, 2022 წელი რუსთავის თეატრისთვის საიუბილეოა, სწორედ ამ მიზნით მოიფიქრეს, რომ თეატრს ჰქონოდა პერსონალური შრიფტი, რომელიც მარტივი იდენტიფიკაციის და ინდივიდუალიზმის ხაზგასმას მოახდენდა.
ინსპირაცია რუსთავის თეატრის პოსტერი გახდა, რომელიც 40 წლის წინ შეიქმნა.
დღესვე ქალაქის თეატრმა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
მემორანდუმის მიზანია, ხელი შეეწყოს თეატრალური ხელოვნების განვითარებას, ერთობლივი ღონისძიებებისა და პროექტების დაგეგმვას, სტუდენტების/მსახიობების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ რუსთავის თეატრის მიერ ორგანიზებულ სპექტაკლებში, ღონისძიებებსა და პროექტებში. სტუდენტები შეძლებენ საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოიყენონ მუნიციპალური თეატრის მატერიალური და ინტელექტუალური რესურსი.
თავის მხრივ, რუსთავის თეატრი შეძლებს ჩაატაროს ერთობლივად დაგეგმილი ღონისძიებები, გამოიყენოს უნივერსიტეტის რესურსი, დეკორაციები და რეკვიზიტები.
მემორანდუმის ფარგლებში პირველი ნამუშევარი იქნება სოსო ნემსაძის სპექტაკლი ,,თეთრი ჟამი“, რომელში მონაწილეობას რუსთავის თეატრის მსახიობები და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები მიიღებენ. სპექტაკლის პრემიერა რუსთავის თეატრში აპრილში შედგება.