დიდუბის ხაზზე მოძრავ ერთ-ერთ მიკროავტობუსში მგზავრობის ტარიფი 2 ლარია

რუსთავი- დიდუბის სამარშრუტო ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსებში მგზავრობის ფასის მომატებასთან დაკავშირებით, TV4-ს მოქალაქეები დაუკავშირდნენ. როგორც რუსთაველები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რუსთავიდან დიდუბის მიმართულებით მოძრავ ერთ-ერთ მიკროავტობუსში მგზავრობის ფასი გაიზარდა და 2 ლარი გახდა. მოქალაქეებმა ტარიფის ფასის ამსახველი ფოტო-მასალა მოგვაწოდეს.

TV4-მა ინფორმაცია კომპანია “ინტერტრანსის” მიკროავტობუსების მძღოლებთანაც გადაამოწმა. როგორც მძღოლების ნაწილი აცხადებს, თვითნებურად მგზავრობის ტარიფის გაძვირებას არ გეგმავენ, თუმცა კომპანიაში მიმდინარეობს მოლაპარაკება ტარიფის გაძვირებასთან დაკავშირებით.

TV4 კომპანია “ინტერტრანსთან” დაკავშირებას ცდილობს. ჯერჯერობით უცნობია, ეკუთვნის თუ არა აღნიშნული მიკროავტობუსი კომპანიას.

რუსთავის მერიაში TV4-ს განუცხადეს, რომ კომპანია “ინტერტრანსისგან” მგზავრობის გაძვირებასთან დაკავშირებით, არანაირი შეტყობინება არ შესულა და რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებზე მგზავრობის ტარიფი არ გაზრდილა.