რუსთავის თეატრის მარტის აფიშა – რეპერტუარშია მუსიკალური დრამა “კუკარაჩა”

რუსთავის თეატრში 11,12 და 13 მარტს, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რეჟისორობით დადგმული სპექტაკლის “კუკარაჩა” ჩვენება გაიმართება.

ქალაქის თეატრი სპექტაკლების აფიშას აქვეყნებს.

როგორც სამხატვრო ხელმძღვანელმა, სოსო ნემსაძემ TV4-ს განუცხადა, მიმდინარე სეზონი დატვირთულია და მაყურებელს მრავალფეროვან რეპერტუარს სთავაზობენ. მათ შორისაა ახალგაზრდა რეჟისორების მიერ დადგმული სპექტაკლები “ნისლიანი ნიუიორკი” და “ელექტრიკოსი”.

“ჩვენ დავაანონსეთ, რომ წელს არის რუსთავის თეატრის საიუბილეო წელი. გაზაფხულის სეზონიდან, ამ წლის სეზონის განმავლობაში, ყველა პრემიერია, ღონისძიება მიეძღვნება 55 წლის იუბილეს და ჩვენი მაყურებელი იხილავს როგორც რეპერტუარში არსებულ სპექტაკლებს, ასევე პრემიერებს.  იქნება შეხვედრები მსახიობებთან, იქნება გახსენება იმ მსახიობების, რომლებიც გარდაცვლილები არიან და მოღვაწეობდნენ რუსთავის თეატრში. მსუყე რეპერტუარი გვექნება წელს, პირველი სპექტაკლი  მუსიკალური დრამა “კუკარაჩაა”. აბსოლუტურად განსხვავებულია ადრე დადგმული სპექტაკლებისგან, მისი მხატვრული გადაწყვეტა არის მუსიკალური და ამ ჟანრში არ ყოფილა გათამაშებული “კუკარაჩა”.

ეს სპექტაკლი ეძღვნება ორ დიდ ხელოვანს, რომლებიც წლების წინ, მჭიდრო მეგობრულ კავშირში იყვნენ, ბატონ გიგა ლორთქიფანიძე და ნოდარ დუმბაძეს. ჩვენი თეატრი ვალდებულია, კიდევ ერთხელ გაიხსენოს ნოდარ დუმბაძე”-განაცხადა სოსო ნემსაძემ.