ზელენსკი: რუსულმა ჯარმა ეს აღდგომა სისხლით გააწითლა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპანტებმა უდიდეს მართლმადიდებლურ დღესასწაულზე უკრაინელების სისხლის დაღვრით დაამტკიცეს, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანული მორალი მათთვის არ არსებობს. ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„რუსეთს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზეს, მაგრამ მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა, რომ აღდგომა არაფერს ნიშნავს რუსი დამპყრობლებისთვის. მათთვის ეს მხოლოდ წითელი თარიღია კალენდარში, რისთვისაც საჭიროა განსაკუთრებული სიტყვები, განსაკუთრებული ქცევა, მაგრამ არა ის, რასაც რწმენა ჰქვია, არა ის, რასაც ქრისტიანული სიკეთე ჰქვია. რუსულმა ჯარმა ეს აღდგომა არამხოლოდ ფორმალურად კალენდარში, არამედ სისხლით გააწითლა. ქრისტიანები ამას არ გააკეთებდნენ, მშვიდობის დამყარების შესაძლებლობა, რომ ჰქონოდათ. ასე რომ სანთლის ხელში ტარება ტაძარში არ ნიშნავს იყო ქრისტიანი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინას აღდგომა მთელ ქვეყანაში საჰაერო საფრთხის არსებობით მიულოცა, მათ შორის სარაკეტო თავდასხმით პოლტავას რეგიონზე, კრემენჩუკზე და ოკუპანტებმა კიდევ ორი ბავშვი მოკლეს დონეცკის რეგიონში.

„ეს არის უკრაინაში სიცოცხლის მიზანმიმართული განადგურება. ნგრევა, რომელიც, თუნდაც ყველაზე დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულზე არ შეწყვეტილა. ბავშვების მკვლელობა, სიცოცხლის განადგურება, ცინიკური და ტოტალური სიცრუით გადაფარვა, რაც მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ გაკეთდა, ყველაფერი, რასაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე აკეთებს, ნამდვილად არ არის ქრისტიანობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, არაქრისტიანები არიან ადამიანები, რომლებმაც კიდევ ერთხელ თვეს უარი მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე. ზელენსკის განცხადებით, არაქრისტიანები არიან ადამიანები, რომლებმაც პროპაგანდისტული რეპორტაჟები გადაიღეს უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში სავარაუდო ჰუმანიტარული სააღდგომო დახმარების გადაცემის შესახებ.