მე არ წარმომიდგენია, უდიდესი ეროვნული საქმის მიმართ, რომელზეც ჩვენი წინაპრებიც ოცნებობდნენ, არ ვიყოთ ყველანი გაერთიანებული, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის გადმოცემასთან დაკავშირებით, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ზურაბიშვილის თქმით, ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც საქართველოს გაუჩნდა.
“ამიტომ ამისთვის უნდა იყოს ყველა ძალა მობილიზებული. ეს არის ის საკითხი, რომელიც ვერ გადაწყდება რომელიმე ერთი ჯგუფის გადაწყვეტილებებით და ძალისხმევით. თუ რამეს ჰქვია ეროვნული, ეს არის ეროვნული საქმე, ეს არის ეროვნული ინტერესი. მე არ წარმომიდგენია რომ ასეთი უდიდესი ეროვნული საქმე, რომელზეც ჩვენი წინაპრებიც ოცნებობდნენ, პირველი დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, ამ საქმის მიმართ არ ვიყოთ ყველანი გაერთიანებული. მთლიანად პოლიტიკური სპექტრი იმის მიუხედავად ვინ რა გააკეთა, ვინ რას აბრალებს და რას არა. აქ არის მართლა ჩვენი მომავალი სასწორზე და გადავწყვიტოთ როგორ გვინდა, ამ მოკლე პერიოდში რაც მოცემულია იმისთვის, რომ ამ კითხვარს ვუპასუხოთ. ეს კითხვარი ეხება საქართველოს როგორ არის დღეს, რა პრობლემები არსებობს და რა მიღწევები. 9 აპრილი და ეს 31 წელი იმიტომ იყო, რომ ამ დღემდე მივსულიყავით. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ამ დღეს არ მივუდგეთ სრული ერთსულოვნებით. ვინც ამის ირგვლივ არ არის გაერთიანებული, ის საქართველოს ირგვლივ არ არის გაერთიანებული. იმას არ სჯერა საქართველოს მომავლის. ამიტომ მინდა ყველას მოგიწოდოთ, ქალაქსა თუ სოფელში, მოსახლეობა, პოლიტიკური პარტიები, ყველა უნდა გავერთიანდეთ! ეს არის ეროვნული თანხმობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარი გადაეცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.