“დუკა”, “ფაჩიჩა”, “ბალუ”- ქურდული გარჩევის ფაქტზე რვა პირი დააკავეს

 სამართალდამცველებმა აჭარაში ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების „ქურდული წესით“ გარჩევის ფაქტი გამოავლინეს. ინფორმციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით,  „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი რვა პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 

სამართალდამცველებმა სხვადასხვა წელს დაბადებული პირები, მეტსახელად “რომა ბათუმსკის” ძმა, „დუკა“, ე.წ. კანონიერი ქურდის – ასლან ქობულაძის, მეტსახელად – „ასლან ბათუმსკის“ ძმა და  1973 წელს დაბადებული პირი, მეტსახელად „ფაჩიჩა“  – „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის დააკავეს.

გარდა ამისა, ძმები – 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ. და 1968 წელს დაბადებული ჯ.ბ., ასევე, მათი ბიძაშვილი – 1967 წელს დაბადებული რ.ქ. (მეტსახელად “კამო”) “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული.

რაც შეეხება 1984 წელს დაბადებული რ.ზ.-ს (მეტსახელად “ბალუ”), მას „ქურდული სამყაროს” წევრობისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულ ძმებს ერთმანეთთან ფინანსური დავა ჰქონდათ, ხოლო ერთ-ერთ ძმასა და რ.ქ.-ს შორის კი დაპირისპირება წარმოიქმნა მათი საცხოვრებელი სახლების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით.

მოდავე მხარეებმა დახმარებისთვის მიმართეს კრიმინალურ ავტორიტეტებს.  აღნიშნული დავების გადაწყვეტის მიზნით,  საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს – მინდია ლავასოღლის და მასთან მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტს – რ.ზ.-ს (მეტსახელად „ბალუს“) დაუკავშირდნენ.

კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ნათესავებს შორის არსებული ფინანსური და ყოფითი დავების მოგვარების და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომლებსაც ესწრებოდნენ მოდავე მხარეები, კრიმინალური ავტორიტეტები და დისტანციურად მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი – მინდია ლავასოღლი და კრიმინალური ავტორიტეტი – რ.ზ. (მეტსახელად „ბალუ“).

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე გამოძიება  მიმდინარეობს.