შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფო გორგოძის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგამოცდო პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, დაფიქსირებულია გამოცდებზე დაგვიანების შემთხვევები, ასევე ისეთი შემთხვევაც, როდესაც აბიტურიენტი გამოცდაზე სხვა დღეს გამოცხადდა. გორგოძე მოუწოდებს აპლიკანტებს, საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას.
„სამწუხაროდ, მაინც გვაქვს დაგვიანების შემთხვევები. ამ დრომდე სულ გვაქვს ცამეტი დაგვიანება. ასევე გვაქვს შემთხვევა, როდესაც აპლიკანტი სხვა დღეს მოვიდა გამოცდაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა აპლიკანტს, საგულდაგულოდ გაეცნონ საგამოცდო ბარათზე დატანილ ინფორმაციას, რომ ასეთი შემთხვევები აღარ განმეორდეს. გვაქვს გამოცდიდან მოხსნის ოთხი შემთხვევა, ერთი იყო ტელეფონის ფარულად შეტანის გამო, მეორე დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო. კიდევ ერთი შემთხვევა იყო, როდესაც კონკრეტული პირი თავისი ოჯახის წევრის ნაცვლად ცდილობდა, შეესრულებინა ტესტი. მინდა, გავაფრთხილო აპლიკანტები, რომ მსგავსი შემთხვევები არ რჩება ინდენტიფიცირების გარეშე. ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური პერსონალი და ნუ ჩაიგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა აღკვეთილია და ორივე პირი მოხსნილია გამოცდიდან, ორივე პირი იყო დარეგისტრირებული“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.