პროკურატურამ მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ივლისს ქ. თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ.ვ.-მ გენდერის ნიშნით, მძინარე მეუღლეს ლ.ზ.-ს ჩაქუჩით თავზე დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად ლ. ზ. ადგილზე გარდაიცვალა”,- ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის ,,ე”,„თ“ და „კ“ ქვეპუნქტით (გენდერის ნიშნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.