საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს.

„6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ):

ღაზას სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის: ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა – დახურულ სივრცეში.

სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება.

სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია.

უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.

შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.

საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში – აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პალესტინური „ისლამური ჯიჰადის“ პირდაპირი მუქარის შემდეგ, ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა ღაზის სექტორში ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ოპერაცია დაიწყეს.

ტერორისტული დაჯგუფება ისრაელს თავდასხმით ემუქრებოდა „დასავლეთ სანაპიროზე“ მისი ლიდერის დაპატიმრების საპასუხოდ.

ღაზის სექტორში ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის არმიამ პალესტინური ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ მაღალი რანგის მეთაური, ტაისირ ჯაბარი გაანადგურა.

როგორც ისრაელური მედია იუწყება, საჰაერო დარტყმების შედეგად, ამ დროისთვის ლიკვიდირებულია 20-მდე ტერორისტი.

ისრაელის არმია ტერორისტული დაჯგუფების სამიზნეებზე დარტყმას ავიაციისა და დრონების მეშვეობით ახორციელებს.