მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ტენდენციები განიხილეს და აღნიშნული მიმართულებით სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ასევე ახალი საკურორტო ზონების შესწავლას და არსებული კურორტების განვითარებას. შეხვედრაზე ითქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის საჭიროა საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა, რისთვისაც კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბალნეოლოგიურ კურორტებსა და კერძო ინვესტიციებს. აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება.