საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მონაცემების მიხედვით, სეზონური ვირუსების ცირკულაცია გასული წლებისგან არ განსხვავდება.
მისი თქმით ყველაზე მეტად რინოვირუსი და რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსების ცირკულაცია არ განსხვავდება გასული წლებისგან. მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად ცირკულირებს რინოვირუსი და რესპირატორული ვირუსი. შედარებით დაბალ პროცენტს აქვს ადენოვირუსი. გრიპის ვირუსი მხოლოდ ხუთი პროცენტია, რომელიც არის H3 ფორმით. H2 ფორმა კიდევ უფრო ცოტაა და ის ორ პროცენტშია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ე.წ. ჰონგ-კონგის ვირუსის მართვა ოჯახის ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ჩვეულებრივ ბინაზეა შესაძლებელი,თუმცა ვირუსი მეტად საყურადღებოა იმ ბავშვებში, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.
,,თავის დაცვისთვის რეკომენდაციები ისევ არის ხელის ჰიგიენა, დისტანცია. ბავშვი თუ არის ავად, სკოლაში არ გაუშვათ. განგაშის საფუძველი არ არსებობს. ჯანდაცვის სექტორი მობილიზებულია, რათა შეაფასოს ბავშვის მდგომარეობა და მართოს ბინაზე. თანხმლები დაავადება თუ არ აქვს, ჰოსპიტალში გადაყვანა ბავშვისთვის მეტი სტრესია, ამიტომ სჯობს, ოჯახის ექიმმა ბავშვი მართოს ბინაზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.