სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებს ხელფასიდან 80 ათასი ლარი დაექვითათ

მიმდინარე წლის განმავლობაში საპარლამენტო და საკომიტეტო სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო, დეპუტატებისთვის ხელფასიდან დაქვითული თანხა 80 ათასს ლარს შეადგენს.

პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრების დაქვითული ხელფასი საქველმოქმედო ღონისძიებებს მოხმარდება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, 80 ათასი ლარიდან 77% პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებზე მოდის, რაც დაახლოებით, 60 ათასი ლარია.

პარლამენტის კომიტეტისა და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო პარლამენტის წევრებს ხელფასის 10% უკავდება.