„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ოფიციალურად გაწვეულია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ოფიციალურად გაწვეულია. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენაზე ჩავარდა.

რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა წევრმა. კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, ხოლო მომხრე კი იყო ერთი დეპუტატი.

შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ გუშინ მიიღო.

საქართველოს რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის ოფიციალური გაწვევისთვის საჭირო იყო, პირველი მოსმენით მიღებული პროექტი პლენარულ სხდომაზე ისევ გაეტანათ და მეორე მოსმენისას კენჭისყრაზე ჩაეგდოთ.

რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა ინიციატორებმა უკვე გაიწვიეს.