„სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში“, პირველი ეტაპი დასრულდა

რუსთავის მერიამ, ქალაქის ბაგა-ბაღებში პროექტის „სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში“, პირველი ეტაპი უკვე დაასრულა.
პროექტი ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძისა და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება და ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულებით, სპეციალური ტრენინგ კურსებისა და სემინარების ჩატარებას ითვალისწინებს.
პროექტის პირველი ეტაპის შედეგები შეაჯამეს და მეორე ეტაპით გათვალისწინებული აქტივობები განიხილეს დღეს რუსთავის მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქის მერის მოადგილე კახა გურული, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი, ამონაშვილის აკადემიის წარმომადგენლები და რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი ესწრებოდნენ.
,,ქალაქის მერს ნინო ლაცაბიძეს ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემგან და ჩემი კოლეგებისგან, რომლებიც ამ პროექტში ვმონაწილეობთ. ეს იყო მისი ინიციატივა და მადლობა, რომ ამ საქმეში ჩაგვრთეს. პროექტის პირველი ეტაპი დავასრულეთ, საბავშვო ბაღების მენეჯერისთვის მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა სემინარები, იმისთვის, რომ მომხდარიყო მათი მომზადება ჰუმანური პედაგოგიკური პრინციპებით საქმიანობისთვის. ჩვენ მათ შევთავაზეთ ჰუმანური აზროვნებისა და ბავშვთან ჰუმანური მიდგომის სისტემა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბავშვო ბაღის მენეჯერები, რომლებიც ძალიან დიდი ყურადღებით იყვნენ ამ საქმეში ჩართული, ყველაფერ ამას ბაგა-ბაღებში საკუთარი საქმიანობისას განახორციელებენ”, განაცხადა შალვა ამონაშვილმა.
როგორც სამუშაო შეხვედრაზე გახდა ცნობილი, პროექტის დასრულების შემდეგ, რუსთავში სკოლამდელი აღზრდის სფეროში ჰუმანური პედაგოგიკის დანერგვის თემაზე, მასშტაბური კონფერენცია ჩატარდება, რომელსაც ტრადიციული სახე ექნება.
,,რუსთავის მერია, შალვა ამონაშვილის აკადემიასთან, სკოლამდელი დაწესებულებების ჰუმანიზაციის მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობს. პირველი ეტაპი პროექტის უკვე დასრულდა და ბაგა-ბაღების 94-მა თანამშრომელმა გაიარა სპეციალური სემინარები. სწორედ ამ სემინარებზე და პრაქტიკულ მეცადინეობებზე დაყრდნობით, მხოლოდ რუსთავის ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის გამოიცა სახელმძღვანელო, რომელიც გამოადგება როგორც მენეჯერულ რგოლს, ასევე აღმზრდელებსა და მათ თანაშემწეებს. სექტემბერში უკვე ვიწყებთ მეორე უფრო დიდ ეტაპს, რომელშიც 500-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთვება”, – განაცხადა რუსთავის მერის მოადგილე კახა გურულმა.
რუსთავის მერიასა და შალვა ამონაშვილის აკადემიას შორის თანამშრომლობის შედეგად, პროექტის „სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში“ პირველი ეტაპის დასრულებისთანავე გამოიცა წიგნი -,,ჰუმანური პედაგოგიკა სკოლამდელ დაწესებულებებში”. პროექტის მეორე ეტაპზე სპეციალურ ტრენინგებსა და სემინარებს უკვე რუსთავის ბაგა-ბაღების 500-ზე მეტი აღმზრდელი გაივლის.
პროექტი, რუსთავის მერიასა და შალვა ამონაშვილის აკადემიას შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. ლექციებისა და სემინარების სპეციალურ კურსს, რუსთავის ბაგა-ბაღების სააღმზრდელო პროცესში ჩართული 700 თანამშრომელი გაივლის.