სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი Open Georgia 2024 გაიმართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სპორტული კარატეს საერთაშორისო ტურნირი Open Georgia 2024 გაიმართა.
შეჯიბრებაში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის, უკრაინისა და კუვეიტის 650-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ტურნირის პირველი დღე – სენიორების, ხოლო მეორე დღე იუნიორების ორთაბრძოლებს დაეთმო. წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კარატისტებმა – მათ 200-ზე მეტი მედალი მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრებაზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით შეირჩევიან ასაკობრივი ნაკრების მომავალი წევრები.
Open Georgia 2024-ს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე და სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიგნაძე ესწრებოდნენ. მათ გამარჯვებული სპორტსმენებიც დააჯილდოვეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2024 წელს საქართველომ პირველად უმასპინძლა სპორტული კარატეს ევროპის ჩემპიონატს კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის. კონტინენტის პირველობაში 49 ქვეყნის 1200-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა.